საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ
საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციამ გააერთიანა 10-ზე მეტი ევროპისა და მეზობელი ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო დუშენის კუნთოვან დისტროფიას. საერთაშორისო ექსპერტებმა კოლეგებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს უახლესი თერაპიული მიდგომები, რომლებიც უკვე გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის ნაწილი.
მეორე დღეს მსჯელობა შეეხო სპინალურ-კუნთოვან ატროფიას. ექსპერტებმა განიხილეს დიაგნოსტიკისა და დაავადების მართვის არსებული გამოწვევები და ისაუბრეს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.
აუცილებელია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებსაც დროულად და თანაბარ პირობებში მიეცეთ წვდომა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებზე.