ევროპის პედიატრ ნევროლოგთა საზოგადოების (ეპნს) განათლებისა და ტრეინინგის კომიტეტის წევრთა ვიზიტი
ამა წლის 7-10 სექტემბერს ჩვენს ასოციაციას ეწვია ევროპის პედიატრ ნევროლოგთა საზოგადოების განათლებისა და ტრეინინგის კომიტეტის ორი წევრი, კერძოდ შვედეთიდან ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ლარს პალმი და ჰოლანდიიდან როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის პროფესორი კორინ ქეთსმენი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში პედიატრ ნევროლოგთა მომზადების პროცესისა და ამ პროცესში მონაწილე ცენტრების გაცნობა.
ჩვენამდე კომიტეტის წევრთა ვიზიტები განხორციელდა გერმანიაში, ჰოლანდიაში, რუმინეთში, ესტონეთში და სხვა ქვეყნებში. დეტალური ანგარიშები წინა ვიზიტების შესახებ შეიძლება იხილოთ ეპნს-ის ვებ გვერდზე.
ეპნს-ის მიერ 2002 წელს მომზადდა პედიატრიული ნევროლოგიის კურიკულუმი, რომელიც დამტკიცდა ევროპის სამედიცინო საბჭოს მიერ 2004 წელს. 2008 წელს მოხდა აღნიშნული კურიკულუმის გადახედვა და მასში შესწორებების შეტანა. ეპნს-ის რეკომენდაციით ევროპის ყველა ქვეყანა უნდა ხელმძღვანელობდეს აღნიშნული კურიკულუმით და მის ბაზაზე ქმნიდეს საკუთარს.
ვიზიტის პერიოდში სტუმრები გაეცვნენ ასოციაციის მიერ ჩატარებულ სამუშაოს და მიმდინარე პროცესს, ასევე ასოციაციის მიერ შექმნილ კურიკულუმს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილეს ბატონ მ. დოლიძეს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ე. პაატაშვილს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ო. თოიძეს, მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ გ. ლობჟანიძეს, პოსტდიპლომური განათლების დეპარტამენტის დირექტორს, ბატონ ზ. ბოხუას, ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნ. გელაძეს, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს პედიატრიის დარგში, ბატონ ვ. ჩხაიძეს, ნ. ქავთარაძის ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, ბატონ ზ. კაკუშაძეს.
სტუმრები გაეცვნენ ცენტრებს, სადაც ხდება რეზიდენტთა მომზადება. კერძოდ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტს, ნ. ქავთარაძის სახ. ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრს, გ. ჟვანიას სახ. პედიატრიულ საავადმყოფოს და ბ. კოტეტიშვილის კლინიკას. ესაუბრნენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელებსა და პერსონალს.
სტუმრებმა ასოციაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს.
ვიზიტის დეტალური ანალიზის ამსახველი დოკუმენტი მომზადების შემდეგ განიხილება ეპნს საბჭოს სხდომაზე და გამოქვეყნდება როგორც ეპნს-ის ვებგვერდზე, ასევე ჩვენს ვებგვერდზე.
ასოციაციის პრეზიდენტი ნ. ტატიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი ვ. ბოკერია