21 საუკუნე რამოდენიმე მიმართულებით რევოლუციური აღმოჩნდა ბავშვთა ნევროლოგიისათვის.
სამედიცინო მოდელის სოციალურით შეცვლის შედეგად მთავარი სამიზნე გახდა პაციენტი და მისი ცხოვრების ხარისხი.
ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია განვითარების ნებისმიერი პრობლემის ადრეული აღმოჩენა და ადრეული ჩარევის განხორციელება. დღეისათვის დადასტურებულია ადრეული ჩარევის დადებითი ეფექტი ნეიროგანვითარებით გამოსავალზე.
ნეიროგანვითარებითი აშლილობების სიხშირის მნიშვნელოვანმა ზრდამ ბავშვთა ნევროლოგიისათვის აუცილებელი გახადა გუნდური, ინტერ და ტრანსდისციპლინური მიდგომის დანერგვის აუცილებლობა.
გენეტიკისა და ნეიროვიზუალური კვლევის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ისეთი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელთა გამოსავალი ამ დრომდე ფატალური იყო.
ვინ წარმოიდგენდა, რომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის, დიუშენის დაავადების მკურნალობა გახდებოდა შესაძლებელი.
დღეს ეს რეალობაა, უკვე 3 მედიკამენტია მსოფლიო ბაზარზე, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება.
მათ შორის ერთი საქართველოშიც დარეგისტრირდა. ბევრი მედიკამენტი კვლევის საბოლოო ფაზაშია და მალე გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე.
მეცნიერების წინსვლა ჩვენს პასუხისმგებლობასაც ზრდის. ჩვენ ერთის მხრივ მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ და მივსდევდეთ მეცნიერების განვითარებას, რათა მაქსიმალურად სწორი კვლევისა და მკურნალობის სტანდარტები შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს.
ამას გარდა ჩვენი ვალია პაციენტთა მშობლებთან და ორგანიზაციებთან ერთად ვიბრძოდეთ მეცნიერების სიახლეების ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებისათვის.
იმედი მაქვს რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.
პატივისცემით,
ნანა ტატიშვილი
ასოციაციის პრეზიდენტი